კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ აბასთუმნის უნიკალური მიკროკლიმატის შეცვლის საფრთხე არსებობს.
როგორც ივანიშვილმა ახალციხეში მიმდინარე აქციაზე განაცხადა, აბასთუმანი მთელს მსოფლიოში ეკოლოგიურად სუფთა ადგილის ეტალონად ითვლება და კურორტს განსაკუთრებული სამკურნალო დანიშნულება აქვს, თუმცა, ტყის გაჩეხვის გამო, შესაძლოა, მან ეს მნიშვნელობა დაკარგოს.
„სწორედ უნიკალური მიკროკლიმატის გამო შეირჩა თავის დროზე აბასთუმანი და იქ მსოფლიო მნიშვნელობის ობსერვატორია დაარსდა. აბასთუმანს გარშემო უნიკალური წიწვოვანი ტყე აკრავს. კურორტის ჰაერის გამჭვირვალობის საიდუმლო სწორედ ამ ტყეშია, მაგრამ ახლა ეს ტყე უმოწყალოდ იჭრება და თუ ამას დროზე არ შევაჩერებთ, თუ გადამჭრელ ზომებს სწრაფად არ მივიღებთ, მიკროკლიმატი მთლიანად შეიცვლება და კურორტის არსებობა საფრთხის ქვეშ დადგება“-განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ტყის განადგურების შემთხვევაში, აღარც აბასთუმნის ობსერვატორია იარსებებს.
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა პირობა დადო, რომ ხელისუფლებაში მისი მოსვლის შემდეგ, სახელმწიფო აბასთუმანზე განსაკუთრებით იზრუნებს.
