ქართველ ხალხს არა კომპიუტერით შეიარაღებულ და შენიღბულ ბატონ-ყმობაში დაბრუნება, არამედ განათლებულ, დამოუკიდებელ და პროგრესულ ქვეყანაში
ცხოვრება სჭირდება - ამის შესახებ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ახალციხეში მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
ივანიშვილის თქმით, კულტურა და განათლება ის საკითხებია, რასაც დამოუკიდებლობა მოაქვს, ეს კი - ყველაზე მეტად აშინებს გარე თუ შიდა მტერს. მისივე განცხადებით, ხელისუფლება „ქართულ ოცნებას“ სწორედ ამიტომ ებრძვის.
კოალიციის ლიდერი აცხადებს, რომ განათლებისა და დამოუკიდებლობისკენ სწარფვა საქართველოსთვის ტრადიციაა და „ქართული ოცნება“ ამის ერთგულია.
„ვიცი, რომ თქვენ მართლაც ამაყობთ არაერთი გამოჩენილი ადამიანით, მაგრამ მე უფრო მეტი მინდა თქვენთვის. მინდა, რომ ყოველი თქვენგანი საკუთარი ცხოვრებით, თავისი ოჯახის წინსვლით ამაყობდეს“-აღნიშნა მან და დასძინა, რომ ეს შესაძლებლობა 1 ოქტომბერს არჩევნებზე მისვლით და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით შეიქმნება.
როგორც კოალიციის ლიდერმა აღნიშნა, სახელმწიფომ თავისი მოქალაქეების ინტეგრაციის პროცესს ხელი უნდა შეუწყოს. ივანიშვილმა სამცხე-ჯავახეთში ქართული ენის არცოდნის პრობლემას განსაკუთრებით გაუსვა ხაზი.
„ქართული ოცნება“ გპირდებათ, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა შეძლონ ქართულად ლაპარაკი და ამ ქვეყნის განვითარებაში სრულფასოვნი მონაწილეობა. ამასთან, ხელს შევუწყობთ მათი მშობლიური ენის განვითარებას და დავიცავთ მას“-განაცხადა მან.
ივანიშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ისეთი სახელმწიფოს შექმნა სურს, სადაც ყველა მოქალაქის ეროვნებასა და აღმსარებლობას პატივს სცემენ.
