საქართველოში ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მიერ არჩევნების დღეს მნიშვნელოვანი დარღვევა, არჩევნების იმიჯს ძირს გამოუთხრის.
როგორც დიმიტროვმა აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ, არჩევნების დღეს ნებისმიერი პარტია მსგავს აქტივობას გამოავლენს, ამან შესაძლოა, არჩევნების რეპუტაცია სერიოზულად შეარყიოს.
ამის შესახებ დიმიტროვმა დღეს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ მიმდინარე კონფერენცია - „საპარლამენტო არჩევნები და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პერსპექტივებზე“ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
მისივე თქმით, მსგავსი ფაქტი დემოკრატიულ პროცესს ცუდ დღეში ჩააგდებს.
„არსებობს რისკები - თუ ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მიერ მნიშვნელოვანი დარღვევა მოხდება, ეს არჩევნების იმიჯს ძირს გამოუთხრის“ - განაცხადა მან და დასძინა, რომ თუ კანონს მმართველი პარტია დაარღვევს, მაშინ ხალხი ქუჩაში გამოვა.
დიმიტროვი იმედოვნებს, რომ მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან კანონდარღვევას ადგილი არ ექნება.
