„ქართული ოცნების“ ახალციხის აქციის მოსამზადებელი სამუშაოები სრულდება
„ქართული ოცნების“ ახალციხის აქციის მოსამზადებელი სამუშაოები სრულდება
12:24 15.09.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ აქციის მოსამზადებელი სამუშაოები ახალციხეში დასასრულს უახლოვდება.

როგორც „ნიუსპრესს“ კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ახალციხეში გურამ კუტალაძემ განუცხადა, სცენის მონტაჟი თითქმის უკვე დასრულებულია, მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები.

მისივე თქმით, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან აქციის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის ხელის შეშლის ფაქტები არ დაფიქსირებულა.

„ზოგადად, საარჩევნო პროცესში ხელს ყოველთვის გვიშლიან, თუმცა, აქციის მოსამზადებელი სამუშაოები მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა და არავითარი ინციდენტი არ მომხდარა“-განაცხადა კუტალაძემ.

მისივე განმარტებით, ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან აქციაზე დასასწრებად დიდი აქტიურობა შეინიშნება. შესაბამისად, კოალიცია ღონისძიებაზე განსაკუთრებულ ხალხმრავლობას ელის.

„ახალციხისთვის ეს იქნება პირველი მასშტაბური გამოსვლა“-აღნიშნა კუტალაძემ.

მისი თქმით, აქციაზე დასასწრებად ჩასვლას „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები საცხე-ჯავახეთის ყველა რაიონიდან გეგმავენ.

ტრადიციულად, აქციის მონაწილეებს სიტყვით „ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მიმართავს.
კოალიციის აქცია ახალციხეში 17:00 საათზე დაიწყება.

ბეჭდვა