აუდიტის სამსახურმა ყველაზე მაღალი საერთო შემოსავლით სამი სუბიექტი გამოავლინა
აუდიტის სამსახურმა ყველაზე მაღალი საერთო შემოსავლით სამი სუბიექტი გამოავლინა
10:56 15.09.2012
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ყველა საარჩევნო სუბიექტისგან მიღებული საარჩევნო პერიოდის ფინანსური დეკლარაციების ანალიზის შედეგად,  ყველაზე მაღალი საერთო შემოსავლით სამი სუბიექტი გამოავლინა.

როგორც აუდიტის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი პოლიტიკური სუბიექტებისთვის შემოწირულობების მიღების და ხარჯვის ლიმიტს აწესებს.

განცხადების თანახმად, კანონი არ აწესებს პოლიტიკური პარტიების კანონიერი შემოსავლის საერთო მოცულობის ლიმიტს, თუმცა, დადგენილია ხარჯვის ზღვრული მოცულობა.

კერძოდ, ორგანული კანონის 251(1) მუხლი ადგენს, რომ წლის განმავლობაში პოლიტიკური სუბიექტის მიერ გაწეული ხარჯის საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.2%-ს. 2012 წლის მდგომარეობით, კანონით დადგენილი წლიური ხარჯვის ზღვრული მოცულობა 48 458 298 ლარს (29 მლნ აშშ დოლარი ან 23 მლნი ევრო) შეადენს.

საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით, წლიური ხარჯვის ზღვრული მოცულობის დადგენისას, პოლიტიკური პარტიების წლიური ხარჯები გამოითვლება 1 ნოემბრიდან მომდევნო წლის 1 ნოემბრამდე.

აუდიტის სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, კანონის უკუქცევითი ძალით გავრცელების თავიდან ასაცილებლად, სამსახური მიზანშეწონილად მიიჩნევს, პოლიტიკური სუბიექტების მიერ გაწეული ხარჯები 2012 წლის 1 იანვრიდან იქნეს ათვლილი, რადგან ესაა თარიღი, როცა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მიერ დადგენილი ლიმიტი ძალაში შევიდა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, ამავე კანონით, მიიღო მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოს მანდატი.

მათივე განცხადებით, 21 აგვისტოს ყველა საარჩევნო სუბიექტისგან მიღებული ფინანსური დეკლარაციების შესაბამისად, ყველაზე მაღალი საერთო შემოსავლით სამი სუბიექტი გამოავლინა - საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება" – 50 725 534 ლარი; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 21 402 789 ლარი და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ -1 361 135 ლარი.

„21 აგვისტოს მდგომარეობით, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით დადგენილ ზღვრულ მოცულობაში შესატანი ხარჯები პოლიტიკური გაერთიანებების მიხედვით შემდეგია - „ქართული ოცნება“ – 34 725 275 ლარი; „ნაციონალური მოძრაობა“ – 14 637 598 ლარი; „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ – 786 317 ლარი. აღნიშნული ხარჯები როგორც კანონიერ ხარჯებს, რომლებიც მოცემულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის წარმოდგენილ დეკლარაციებში, ასევე სასამართლოს მიერ დადგენილ უკანონო ხარჯებს მოიცავს“ - აცხადებენ აუდიტის სამსახურში.

მათივე თქმით, კანონით დადგენილი 48 458 298 ლარის ლიმიტის მიღწევამდე, აღნიშნული პოლიტიკური სუბიექტები უფლებამოსილნი არიან გაიღონ შემდგომი ოდენობის ხარჯები - „ქართული ოცნება“ – 13 733 023 ლარი; „ნაციონალური მოძრაობა“ – 33 820 700 ლარი; „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ – 47 671 981 ლარი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ორგანული კანონის მიხედვით, დადგენილი ლიმიტის გადაცილება გადაჭარბებული ოდენობის ხუთმაგი ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პოლიტიკური სუბიექტი კანონით დადგენილ ხარჯვის ზღვრულ მოცულობას მიუახლოვდება, აუდიტის სამსახური მას წერილობით გააფრთხილებს.

ბეჭდვა