საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოხატავს სუდანის დედაქალაქ ხართუმში დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის საელჩოებზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით.
როგორც საგარეო უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაშია აღნიშნული, მსგავსი ძალადობრივი ქმედებები გაუმართლებელია და საერთაშორისო საზოგადოებამ მკაცრად უნდა დაგმოს.
„ლიბიის ქალაქ ბენღაზიში აშშ-ის მისიაზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, მიმდინარე ძალადობა მიანიშნებს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელშეუხებლობის დარღვევის საგანგაშო ტენდენციაზე, რაც ყოვლად მიუღებელია ნებისმიერი ცივილიზებული სახელმწიფოსათვის“ - ნათქვამია განცხადებაში.
იქვე აღნიშნულია, რომ ქართული მხარე სუდანში გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს მკაცრად გმობს.
