სააკაშვილი - ყველა ჩვენგანი უპირველესად, საქართველოს პატრიოტია და მხოლოდ ამის შემდეგაა ნაციონალი თუ მეოცნებე
სააკაშვილი - ყველა ჩვენგანი უპირველესად, საქართველოს პატრიოტია და მხოლოდ ამის შემდეგაა ნაციონალი თუ მეოცნებე
19:13 14.09.2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ეროვნული საკითხების გარშემო ყველა პოლიტიკური ძალის გაერთიანება, რადგან შიდა პოლიტიკური დაპირისპირებები და განხეთქილებები საქართველოს მოსახლეობას კარგ შედეგს არ მოუტანს.

როგორც პრეზიდენტმა დღეს ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ეზოში განაცხადა, საქართველოს ამჯერად ყველაზე მეტად სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება სჭირდება.

„ახლა არ არის ნგრევის და არეულობის დრო. ახლა მხოლოდ შენების დროა. ხალხს ისედაც ბევრი პრობლემა აქვს, ისედაც ბევრი სირთულეა საიმისოდ, რომ კიდევ ახალი პრობლემები არ გაჩნდეს პოლიტიკურ პარტიებს შორის ურთიერთდაპირისპირების გამო და 90-იანი წლები არ დაბრუნდეს. არც ერთი პოლიტიკოსის პირადი ამბიცია არ ღირს იმად, რომ თუნდაც ერთი ოჯახის განვითარება შეფერხდეს“ - განაცხადა სააკაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ყველა უნდა შთანხმდეს იმაში, რომ ქვეყნის უდავო პროგრესი ყველა ოჯახში შევიდეს.

„მოდით, ნუ შევუშინდებით ერთიანობას, შევთანხმდეთ, რომ ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის ერთად ვართ და ამით ყველას - ერსაც და ბერსაც, მტერსაც და მოყვარესაც ხმამაღლა განვუცხადოთ - ყოველი ჩვენგანი უპირველეს ყოვლისა საქართველოს პატრიოტია და მხოლოდ ამის შემდეგ არის ქრისტიან-დემოკრატი თუ ლეიბორისტი, ნაციონალი თუ მეოცნებე, მემარჯვენე თუ მემარცხენე“- განაცხადა პრეზიდენტმა.

ბეჭდვა