საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოითხოვს რუსეთმა ძალის არგამოყენების თაობაზე ვალდებულება აიღოს.
საგარეო უწყებამ განმუხურთან ქართული საგუშაგოსთვის ცეცხლის გახსნის თაობაზე განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.
"აღნიშნული შეიარაღებული პროვოკაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართული მხარის მოთხოვნის სამართლიანობას იმის თაობაზე, რომ რეგიონში არსებული ვითარების დესტაბილიზაციის თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია რუსეთმა აიღოს ვალდებულება ძალის არგამოყენების თაობაზე, ითანამშრომლოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, როგორც ამას საქართველო აკეთებს, სრული მოცულობით შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და დაიწყოს საქართველოს ტერიტორიის სრული დეოკუპაციის პროცესი", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, 2012 წლის 4 მარტს, 3 საათზე და 20 წუთზე რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის, საქართველო ტერიტორიიდან გადმოსულმა საოკუპაციო ძალების ექვსმა წარმომადგენელმა ცეცხლი გახსნა ქართული პოლიციის საგუშაგოს მიმართულებით, ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურთან. თავდასხმის დროს გამოყენებული იქნა ავტომატური იარაღი და "რპგ 7"-ის ტიპის ორი ყუმბარმტყორცნი. სროლის შედეგად, რომელიც დაახლოებით ათი წუთი გრძელდებოდა, არავინ დაშავებულა. თავდამსხმელები მიიმალნენ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე.
