პრეზიდენტი ბაგრატის ტაძრის აღდგენის მონაწილეებს მადლობას უხდის
პრეზიდენტი ბაგრატის ტაძრის აღდგენის მონაწილეებს მადლობას უხდის
18:23 14.09.2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბაგრატის ტაძარს საქართველოს სიმბოლოს უწოდებს.

მიხეილ სააკაშვილმა ბაგრატის ტაძრიდან სპეციალური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ეკლესიის აშენება ნებისმიერი ქრისტიანისთვის ყველაზე დიდი ღვაწლია.

მისი თქმით, ეკლესია არა მარტო უფლის სახლი, არამედ მთელი ერის გვირგვინი და ერთიანობის სიმბოლოა.

„ბედნიერი ვარ, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანე ტაძრის აღდგენაში. მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც ამ ტაძრის აღდგენაში თავისი წვლილი შეიტანა. განსაკურებული მადლობა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მინდა ვუთხრა, რომლის ლოცვა-კურთხევა და მხარდაჭერა გადამწყვეტი იყო ამ დიდებული საქმის დაგვირგვინებისთვის“ - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, მთავარი გმირი აღნიშნულ საქმეში ისაა, ვინც ბაგრატის ტაძარი ააგო.

პრეზიდენტის შეფასებით, მეფე ბაგრატი საქართველოს ერთიანობის სიმბოლო, სახელმწიფოებრიობის პირველი განმახორციელებელი იყო.

„ჩვენი ერთიანობა ერთადერთი და უმთავრესი ძალაა, რომელმაც ჩვენი მცირერიცხოვანი, მაგრამ უძველესი ერის უკვდავება განაპირობა. ჩვენ მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ერი ვართ, რომელმაც მოახერხა და საკუთარი თვითმყოფადობა არ დაკარგა. საქართველომ უდიდესი ძალისხმევის მიუხედავად საკუთარი თვითმყოფადობა დღემდე მოიტანა“ - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს ძალა ერთიანობაშია, ქვეყანა კი, გამარჯვებას მხოლოდ ერთიანობის დროს ახერხებს.


ბეჭდვა