სააკაშვილი აცხადებს, რომ ყველაფრის რეაბილიტაციის მოსწრება პოლიტიკაში ყოფნის დროს სურს
სააკაშვილი აცხადებს, რომ ყველაფრის რეაბილიტაციის მოსწრება პოლიტიკაში ყოფნის დროს სურს
18:18 14.09.2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ყველაფრის რეაბილიტაციის მოსწრება პოლიტიკაში ყოფნის დროს სურს.

როგორც მიხეილ სააკაშილმა დღეს წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტის დაწყებისას განაცხადა, მთვრობას სხვადასხვა ადგილების რეაბილიტაციის კარგი გამოცდილება აქვს.

მისი თქმით, უკვე რეაბილიტირებულია თელავი, იხსნება განახლებული ყვარელი, ასევე, აჭარასა და თეთნულდზე ახალი კურორტები შენდება.

„მე მოუთმენელი ადამიანი ვარ და ეს ყველაფერი მინდა იმ დროს მოესწროს, როცა მე თქვენთან ერთად ვარ და პოლიტიკაში ვარ ამა თუ იმ ფორმით. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყველა ის დაპირება, რომელიც თქვენ მოგეცით ცარიელ სიტყვებად კი არ დარჩეს, არამედ ყოველდღიურად შევასრულოთ“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ ის გამოცდილებაზე დაყრდობით საუბრობს.

მისივე თქმით, ოკუპაციის ხაზს მიღმა პორტი ლაზიკა შენდება. პრეზიდენტის განცხადებით, ყველაზე ღრმა კანიონი, რუმინული „კონსტანცას“ გარდა, ყულევსა და ანაკლიას შორის აღმოჩნდა.

„პორტი აშენდება, რომელიც ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის. შემდეგ მას ქალაქი და განვითარება მიებმება. განვითარება ცარიელი სიტყვა არ არის - მომავალ წელს საქართველოში 5,5 მლნ ტურისტი ჩამოვა“- აღნიშნა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს მტერია არა რომელიმე პოლიტიკური პარტია და ქვეყანა, არამედ საქართველოს მტერია გაჭირვება, უმუშევრობა და უპერსპექტივობა, რომელიც მოსახლეობამ უნდა დაამარცხოს.


ბეჭდვა