საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ წყალტუბოს რებილიტაციის პროექტი მისი ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური გეგმაა.
როგორც მან წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტის დაწყებისას განაცხადა, აღნიშნული პროექტის საშუალებით რაიონში სიღარიბის დონე შემცირდება.
„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური გეგმა, რომელიც მე მქონდა და ჩვენ ყველანი ერთად ერთობლივი მუშაობით ერთხელ და სამუდამოდ განვდევნით წყალტუბოდან უმუშევრობას, გაჭირვებას, უიმედობას, უპერსპექტივობას და აქაურებს მომავალს დავუბრუნებთ“- განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ის ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ პრეზიდენტი გაჭირვებაზე მხოლოდ ახლა ალაპარაკდა, ცდებიან.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მას 8 წელია სიღარიბესა და გაჭირვებაზე საუბარი არ შეუწყვეტია.
„ჩემი პრეზიდენტობის დროს 2.5-ჯერ შევამცირეთ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა რაოდენობა. ჩვენ რამდენჯერმე გავზარდეთ პენსია და 100 აშშ დოლარამდე მივიყვანთ სწორედ ჩემი პრეზიდენტობის დროს. საქართველოში დაზღვეულთა რაოდენობა ჩვენ გავზარდეთ ზუსტად 100-ჯერ და 150 საავადმყოფო ავაშენეთ. ამიტომ, არც გუშინ დავბადებულვარ და არც შუშის კასრში მიცხოვრია, მე ძალიან კარგად ვიცი, როგორი გაჭირვებაა“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, გაკეთდა ძალიან ბევრი ტურისტული ადგილი, განახლდა ქუთაისი, სათაფლია, პრომეთეს მღვიმე, ხონში დიდი ტურისტული ინფარსტრუქტურა ეწყობა, ხოლო განახლებულ ბაგრატის ტაძარში მალე წირვა-ლოცვა დაიწყება.
