საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების შემდგომი პროცესები კონსტიტუციურ ჩარჩოებში დარჩეს.
ამის შესახებ განცხადება ნატოში ესტონეთის ელჩმა ლაური ლეტიკმა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან თორნიკე გორდაძესთან შერხვედრის შემდეგ გააკეთა.
როგორც ლეტიკმა აღნიშნა, ესტონეთის მთავრობა ნათლად და მკაფიოდ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ქვეყნის გაწევრიანებას როგორც ევროკავშირში ისე ნატოში.
მან იმედი გამოთქვა, რომ არჩევნები საქართველოში წარმატებულად ჩატარდება და ის გამჭვირვალე და თავისუფალი იქნება.
როგორც თორნიკე გორდაძემ აღნიშნა, ნატოს ელჩებთან შეხვედრა იმის მანიშნებელია თუ რამდენად დინამიურად ვითარდება ურთიერთობები ნატოსთან.
მისი თქმით, თუ ვინმეს ჰგონია, რომ საქართველოს ურთიერთობას ნატო-სთან არანაირი პერსპექტივა არა აქვს, უნდა გაიხსენოს ნატო-ს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველოს მომავალი სახლი ნატოშია.
ნატო-ს ელჩები ამ წუთებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს ხვდებიან, რის შემდეგაც ისინი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდებიან.
