არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები" მიიჩნევენ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ,
მიმდინარე წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რუსეთის ფედერაციაში საარჩევნო უბნების გახსნაზე მიზანმიმართულად არ იზრუნა - ამის შესახებ ორგანიზაციის წარმომადგენელმა არჩილ კაიკაციშვილმა ბათუმის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კაიკაციშვილის თქმით, რუსეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლები არჩევნებში მონაწილეობის სურვილს შიშის გამო ღიად ვერ აფიქსირებენ.
ადვოკატი მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და მოუწოდებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას იმის შესახებ, თუ რატომ ვერ ხერხდება უბნების გახსნა რუსეთში და რატომ აქვს ადგილი ამომრჩეველთა 10%-ის იგნორირებას.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს რუსეთთან დიმპლომატიური ურთიერთობები არ აქვს, რუსეთში საარჩევნო უბნების გახსნა ტექნიკურ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული.
