დავითაია აშშ-ში გამართულ შეხვედრებზე საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს განიხილავს
დავითაია აშშ-ში გამართულ შეხვედრებზე საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს განიხილავს
14:47 14.09.2012
აშშ-ში ოფიციალური ვიზით მყოფი პარტია „საქართველოს ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაია ამერიკელ მარალჩინოსნებთან შეხვედრებს განაგრძობს.

როგორც „ნიუსპრესს“ „საქართველოს ევროპელი დემოკრატებიდან“ აცნობეს, შხვედრებზე პოლიტიკოსები მსჯელობენ, თუ რამდენად თანაბარია წინასაარჩევნო გარემო საქართველოში და როგორია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება.

„ევროპელი დემოკრატების“ ცნობით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ მრგვალ მაგიდაზე დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით, პაატა დავითაიას კითხვები დაუსვეს.

„აშშ-ში დიდი ინტერესით აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. მათთვის მნიშვნელოვანია, ჩატარდეს თავისუფალი, დემოკრატიული და გამჭირვალე არჩევნები. ჩვენი პარტნიორები ხაზს უსვამენ, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნები საქართველოსთვის არის გამოცდა სახელმწიფოს შემდგომი განვითარებისა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე. მხარდაჭერა დიდია, დანარჩენი ჩვენზეა დამოკიდებული“- განაცხადა პაატა დავითაიამ.

ასევე, დაგეგმილია დავითაიას შეხვედრები ამერიკის არასამთავრობო ორგანიზაციების - NDI-ის და IRI-ის ცენტრალურ ხელმძღვანელობასთან.

ვიზიტის ფარგლებში, ევროპელი დემოკრატების ლიდერი 17, 18 და 19 სექტემბერს ამერიკელ კონგრესმენებსა და სენატორებსაც შეხვდება.

ბეჭდვა