საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი და დასაქმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ტრაპაიძე სოციალური მომსახურების სააგენტოში იმყოფებოდნენ.
როგორც მთავრობის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, სააგენტო სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის ფარგლებში, დასაქმების ერთიან ელექტრონულ ბაზას ადგენს.
სააგენტოს დირექტორმა რამაზ სულამანიძემ პრემიერსა და დასაქმების მინისტრს პროგრამის მიმდინარეობა და მოცემული მომენტისთვის მიღებული შედეგები გააცნო.
კერძოდ, საქართველოში ოჯახების 73%-თან ვიზიტის შედეგად დასაქმების და გადამზადების მსურველთა პრიორიტეტული პროფესიები - ბანკის ოპერატორი, ბუღალტერი, ექთანი და მასწავლებელი გამოიკვეთა. ასევე, გამოიკვეთა ის ძირითადი ასაკობრივი ჯგუფი - 36-დან 55 წლამდე, რომელსაც სამსახურის შოვნა ყველაზე მეტად უჭირს.
პრემიერ-მინისტრმა სააგენტოს ქოლცენტრიც დაათვალიერა, რომლის ძირითად ფუნქციას ბაზაში შეყვანილ ოჯახებში ზარების განხორციელება და „დასაქმების აგენტების“ საქმიანობის მონიტორინგი წარმოადგენს. ვანო მერაბიშვილმა ერთ-ერთ ოჯახშიც დარეკა და აგენტების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხით დაინტერესდა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს საქართველოს მასშტაბით 3 000 „დასაქმების აგენტი" ჰყავს. მათ „კარდაკარის“ პრინციპით 763 000 ოჯახი უნდა მოიარონ და ოჯახების დასაქმებისა და გადამზადების საჭიროებები აღწერონ. მოგვიანებით, შევსებული ანკეტები ოპერატორებს დასაქმების ერთიან ელექტრონულ ბაზაში შეჰყავთ.
უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში, „დასაქმების აგენტები" 559 000 ოჯახს ესტუმრნენ, რომელთაგან 289 000 ოჯახის ანკეტა უკვე დასაქმების ერთიან ელექტრონულ ბაზაშია განთავსებული.
