პარტია „თავისუფალი საქართველო“ მთაწმინდელებს, არჩევნებზე მაჟორიტარულ ნაწილში ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ კანდიდატის
ზაზა პაპუაშვილის, პროპორციულში კი - „თავისუფალი საქართველოს“ მხარდაჭერას სთხოვს.
„თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა, გენერალური მდივანი ალექსანდრე შალამბერიძე, პარტიის დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძე და ერთ-ერთი ლიდერი ზაზა აბაშიძე დღეს თარხნიშვილის ქუჩაზე გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ, სადაც ზაზა პაპუაშვილი ამომრჩეველს შეხვდა.
პარტიის ლიდერებმა მთაწმინდის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარულ არჩევნებში ზაზა პაპუაშვილის მხარდაჭერა დაადასტურეს და „ქართულ ოცნებას“ 1 ოქტომბრის არჩევნებში ერთიანი მაჟორიტარული და განსხვავებული პროპორციული სიით მონაწილეობა კიდევ ერთხელ შესთავაზეს.
„თავისუფალმა საქართველომ“ 8 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არ დაასახელა და „ქართული ოცნების“ კანდიდატებს დაუჭირა მხარი.
