საქართველოში წინასაარჩევნო გარემო და მედიის ხელმისაწვდომობა იყო ის მთავარი თემები, რაზეც ნატო-ს ელჩებთან არასამთავრობო ორგანიზაციებისა
და ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებმა ისაუბრეს.
ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ელჩებმა ყველა ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს, რაც საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს შეეხება.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენლის ეკა გიგაურის განცხადებით, მან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო უწყებების პოლიტიზირებულობაზე, რაც ხშირ შემთხვევაში, ხელს უწყობს მმართველი გუნდის საარჩევნო მიზნების მიღწევას. საუბარი შეეხო ასევე “must carry“-ის პრინციპს და არჩევნების შემდეგ მისი გაგრძელების საჭიროებას.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის თამარ ჩუგოშვილის თქმით, შეხვედრაში მონაწილე რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა წინასაარჩევნო კამპანიისას ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ განცხადებებსა და ზოგადად, სიძულვილის ენის გამოყენებაზე გაამახვილეს ყურადღება, რაც, ჩუგოშვილის თქმით, მიუღებელია და საარჩევნო კამპანიას ჩრდილს აყენებს.
