საქველმოქმედო „ფონდი ქომაგი“ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში რიჩარდ ნორლანდს მიმართავს.
ფონდის თავმჯდომარე ია მეტრეველი მიმართვაში ყურადღებას ამახვილებს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და აღნიშნავს, რომ ოფიციალური სახელისუფლებო პოლიტიკისაგან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანთა მიმართ რეპრესიები მიმდინარეობს.
„სახელმწიფოს ფინანსურ-ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი გახლავთ ის ფაქტიც, რომ უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში ხუთმილიონიანი ქვეყნიდან მილიონნახევარზე მეტი მოქალაქე გადაიხვეწა უცხო ქვეყნებში სიცოცხლის გადასარჩენად - ყოველდღიური საარსებო სახსრების საშოვნელად უმძიმესი შრომის ფასად. „ფონდი ქომაგი“ მიზნად ისახავს უკიდურეს მატერიალურ მდგომარეობაში ჩავარდნილი განსხვავებული პოლიტიკური აზრის მქონე ადამიანების ფინანსურ დახმარებას რეკომენდაციების გზით გულშემატკივარი ემიგრანტების მოხმობით“- ნათქვამია მიმართვაში.
ფონდის თავმჯდომარე მიმართვაში ასევე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება უკანონოდ და უსამართლოდ ეწევა „ფონდი ქომაგის“ მიერ მოპოვებული შემოწირული თანხების დაყადაღებას და კრიზისში ჩავარდნილი ადამიანების ფინანსურ რეპრესიას.
მიმართვას თან დოკუმენტი ერთვის, სადაც „ფონდი ქომაგზე“ და მის ბენეფიციარებზე განხორციელებული დარღვევების კონკრეტულ ფაქტებზეა საუბარი.
„სახელმწიფო მუდმივად ცდილობს ფონდის იმიჯის შელახვას და დისკრედიტაციას, იგონებენ და თავადვე თხზავენ გაურკვეველ სქემებს. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ფონდი თავისი დაარსების დღიდან საქმიანობს კანონის ყველა ნორმის დაცვით.
ჩვენ სრული პასუხისმგებლობით გვინდა განვაცხადოთ, რომ ფონდი არ ემსახურება რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ძალის ინტერესებს, ჩვენი მიზანია უსამართლოდ რეპრესირებული მოქალაქეებისთვის შეძლებისდაგვარად დახმარების გაწევა“- ნათქვამია მიმართვაში.
ფონდის თავმჯდომარე დახმარების თხოვნით მიმართავს აშშ-ს ელჩს და მზადყოფნას გამოთქვამს მას ფონდის საქმიანობის დეტალები გააცნოს.
„მოგმართავთ თხოვნით, როგორც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ქვეყნის წარმომადგენელს, რომ დაგვეხმაროთ ადამიანის სასიცოცხლო უფლებისა და ღირსების დაცვაში, ჩვენ სრულ მზადყოფნას გამოვთქვამთ გიპასუხოთ ნებისმიერ შეკითხვაზე, ღიად და გამჭვირვალედ გაგაცნოთ ფონდის საქმიანობის დეტალები. მივესალმებით, თუკი თქვენ ინტერესს გამოხატავთ და განახორციელებთ ჩვენი საქმიანობის მონიტორიგნს. ასევე, გთხოვთ, თქვენი კომპეტენციის ფარგლებში დაგვეხმაროთ და იმოქმედოთ საქართველოს ხელისუფლების ბარბაროსული ქმედების წინააღმდეგ და საშუალება მოგვცეთ ჩვენი ხელისუფლების მიერ ფინანსურად გაძარცვული ადამიანების სიცოცხლისა და ცხოვრების ელემენტალური პირობების შენარჩუნებაში“- ნათქვამია მიმართვაში.
