დიმიტრი შაშკინი აშშ-ში ვიზიტს განაგრძობს
დიმიტრი შაშკინი აშშ-ში ვიზიტს განაგრძობს
14:51 13.09.2012
აშშ-სთან საქართველოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხების განსახილველად, თავდაცვის მინისტრი დიმიტრი  შაშკინი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრი სენატორებს შეხვდა - „რესპუბლიკური პარტიის“ წევრებს დევიდ ვიტერს და ჯეიმს ინჰოფს, ასევე წარმომადგენლობითი პალატის წევრს ჯო უილსონს და კონგრესმენს რობ ვიტმენს, რომლებიც შეიარაღებული ძალების კომიტეტს წარმოადგენენ.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაზე, თავდაცვით საბრძოლო საინჟინრო სფეროში წვრთნასა და განათლებაზე, რასაც აშშ-საქართველოს შორის გაფორმებული ექვსპუნქტიანი შეთანხმება გულისხმობს.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე კონგრესმენებმა და სენატორებმა ხაზი გაუსვეს ობამა-სააკაშვილის გეგმის იმპლემენტაციის მნიშვნელობას საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდის თავსაზრისით.

სამინისტროს ცნობით, ამერიკელი ექსპერტები საქართველოს საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების დოქტრინის შემუშავებაზე დაიწყებენ მუშაობას, რომელშიც დეტალურად გაიწერება ამ მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებები.

შემდეგ ეტაპზე ამერიკელი ექსპერტების მიერ შემუშავებული დოქტრინის იმპლემენტაცია დაიწყება.

აშშ-საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში გაღრმავებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებებია - ოპერატიული საჰაერო კონტროლისა და საჰაერო თავდაცვის სფეროში წვრთნა და განათლება; საბრძოლო თავდაცვითი საინჟინრო წვრთნა და განათლება; მხარდამჭერი ვერტმფრენების მიმართულებით წვრთნა და განათლება; სანაპირო დაცვის კონტროლის სფეროში წვრთნა და განათლება; სერჟანტებისა და უმცროსი ოფიცრების ინსტრუქტორების მომზადება ტაქტიკურ დონეზე; ბრიგადის მმართველობისა და შტაბის წვრთნა და განათლება.

თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლის შესახებ და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე აშშ-სა და საქართველოს პრეზიდენტები მიმდინარე წლის იანვარში შეთანხმდნენ.

ბეჭდვა