ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია შეშფოთებულია იმ პოლარიზებითა და ანტაგონიზმით, რომელიც წინასაარჩევნოდ დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეინიშნება,
რაც არასასურველ ჩრდილს აყენებს საარჩევნო კამპანიას - ამის შესახებ თბილისში მყოფი დელეგაციის ხელმძღვანელმა ლუკა ვოლონტემ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ვოლონტეს თქმით, 1 ოქტომბრისთვის დაგეგმილი საპარლამეტო აჩევნები უმნიშვნელოვანესი ეტაპია საქართველოს დემოკრატიულ ცხოვრებაში და იგი ლაკმუსის ტესტი იქნება დემოკრატიის ხარისხის შესამოწმებლად.
დელეგაცია მოუწოდებს ყველა საარჩევნო სუბიექტს თავი შეიკავონ საარჩევნო პერიოდში ნეგატიური კამპანიისაგან და მთელი ძალები მიმართოთ იმისკენ, რომ ამომრჩეველს თავიანთი პლატფორმა გააცნონ.
„ღია, თავისუფალი გარემოს შექმნა წინასაარჩევნო პერიოდში აუცილებელია იმისთვის, რომ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს შესაძლებლობა ჰქონდეს ამომრჩეველს გააცნოს თავისი პოლიტიკური პრიორიტეტები და მიზნები. ხელისუფლებამ და ყველა საარჩევნო სუბიექტმა უნდა გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს კონსტრუქციული კამპანიისთვის აუცილებელი გარემო; ყველამ თავი უნდა შეიკავოს ისეთი ქმედებებისგან, რომელიც გაზრდის დაძაბულობას, ძირს გამოუთხრის თანასწორი მონაწილეობის შესაძლებლობას“ - განაცხადა ვოლონტემ.
დელეგაცია მოუწოდებს ხელისუფლებას გააგრძელოს ძალისხმევა იმისთვის, რომ აღმოფხვრას ადმინისტრაციული რესურსების არასათანადო გამოყენება.
სახელმწიფო აუდიტის მიერ დაწესებულ ჯარიმებთან დაკავშირებით დელეგაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მიესალმება ხელისუფლების იმ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ჯარიმები მოხსნილი იქნა კოალიცია „ქართული ოცნებაში“ შემავალი ოპოზიციური პარტიებისთვის.
ამასთანავე, დელეგაცია მოუწოდებს საარჩევნო სუბიექტებს სრულად დაემორჩილონ საარჩევნო კანონმდებლობას.
ვოლონტეს განცხადებით, ახალი საარჩევნო კოდექსის შედეგად, არჩევნების ტექნიკური მზადების პროცესი ეფექტურად მიმდინარეობს.
ამასთანავე, დელეგაცია მიესალმება უწყებათშორისი კომისიის მუშაობას, რომელიც საზოგადოების ნდობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.
„ყველა პარტიამ და სახელმწიფო დაწესებულებამ თავი უნდა შეიკავოს ისეთი ნაბიჯებისაგან, რომელიც ძირს გამოუთხრის საზოგადოების ნდობას“ - განაცხადა ვოლონტემ.
დელეგაცია ყველა სუბიექტს მოუწიდებს, ნუ დააყენებენ არჩევნებისა და მის შედეგებს კითხვის ნიშნის ქვეშ არჩევნების ჩატარებამდე.
1 ოქტომბერს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია 30-კაციანი შემადგენლობით ეწვევა საქართველოს და არჩევნებს დააკვირდება. ასევე, შეფასდება არჩევნების შემდგომი პერიოდი.
