საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ დღეს მცხეთაში, სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე „ქრისტიანული ხელოვნების საგანძურის“ ფოტოგამოფენა გახსნა.
როგორც პარლამენტის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, გამოფენა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის აღსაყდრებიდან 35-ე და დაბადებიდან მე-80 წელს ეძღვნება. დავით ბაქრაძე კი, პატრიარქის იუბილესთან დაკავშირებულ სპეციალურ კომისიას ხელმძღვანელობს.
„ვგეგმავთ, გამოფენები და კონფერენციები მთელი წლის განმავლობაში გავმართოთ, გამოვუშვათ წიგნები და გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რათა საქართველოს მოსახლეობას ჰქონდეს საშუალება გამოხატოს ის დიდი სიყვარული და პატივისცემა, რომელსაც ამ ქვეყანაში მისი უწმინდესობის მიმართ ყველა გრძნობს“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
გამოფენაზე, რომელიც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით მოეწყო, ხახულის კარედის, ანჩისხატის, ბედიის ბარძიმის, წილკნის ღვთისმშობლის ხატი და სხვა საგანძურის ფოტოასლებია წარმოდგენილი.
გამოფენა მცხეთაში 3 კვირის განმავლობაში გაგრძელდება, რომლის შემდეგაც იგი საქართველოს 15 ქალაქს მოივლის.
