საქართველოს საგარეო უწყება ლიბიაში ამერიკელი დიპლომატების დაღუპვის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს საგარეო უწყება ლიბიაში ამერიკელი დიპლომატების დაღუპვის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს
19:16 12.09.2012
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ლიბიის ქალაქ ბენღაზიში შეერთებული შტატების მისიაზე განხორციელებული თავდასხმისა და ლიბიაში აშშ-ს საელჩოს ოთხი თანამშრომლის ტრაგიკული დაღუპვის გამო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, საგარეო უწყება ამ დიდი დანაკარგის გამო დაღუპულთა ოჯახებს, აშშ-ს მთავრობასა და ამერიკელ ხალხს სამძიმარს უცხადებს.

„ქართული მხარე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადებებს უერთდება და აშშ-ს წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებას მკაცრად გმობს. საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ მზადყოფნას, გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა აშშ-სთან ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში“ - ნათქვამია განცხადებაში.

ბენღაზიში აშშ-ს საკონსულოზე შეიარაღებული პირების თავდასხმის დროს, ლიბიაში ამერიკის ელჩი კრის სტივენსი დაიღუპა. ელჩის გარდა, ღამით მომხდარი თავდასხმისას საკონსულოს კიდევ სამი თანამშრომელი გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, პროტესტის ამ ფორმის მიზეზი აშშ-ში გადაღებული ფილმი გახდა, რომელიც პროტესტანტების მტკიცებით, წინასწარმეტყველ მუჰამედს შეურაცხყოფს.



ბეჭდვა