უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებიდან საკონსულო აღრიცხვაზე 54 963 ამომრჩეველია, თუმცა, აქტიური საარჩევნო უფლების მქონე მხოლოდ 42 613 ადამიანია.
ამის შესახებ ცესკო საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.
კერძოდ, როგორც კომისიაში აცხადებენ, საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, ცესკომ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან საკონსულოების მიხედვით, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ ამომრჩეველთა სია მიიღო.
ამასთანავე, ცესკოს განმარტებით, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ 54 963 ამომრჩეველს გამოაკლდება იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომლებიც იმყოფებიან რუსეთში და იმ ქვეყნებში, სადაც საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ ამომრჩეველთა რაოდენობა 20-ზე ნაკლებს შეადგენს.
ამ რიცხვს აკლდება ასევე ის პირები, ვისაც შეჩერებული აქვთ საკონსულო აღრიცხვა, იმის საფუძველზე, რომ შსს-ს მონაცემებით, ისინი 2012 წლის პირველი ივნისის შემდეგ საქართველოში იმყოფებიან.
შესაბამისად, ცესკოს განცხადებით, აქტიური საარჩევნო უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა 42 613 შეადგენს. აქედან საკონსულო საარჩევნო რეგისტრაცია 10 სექტემბრის ჩათვლით, მხოლოდ 1 409 ამომრჩეველმა გაიარა.
