დინამიური დემოკრატიის მშენებლობის ხანგრძლივი სამუშაო პროცესი არჩევნების დღეს არ სრულდება
- ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ შრომისა და ადამიანის უფლების დაცვის საკითხებში ტომას მელიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცახადა.
როგორც მელიამ აღნიშნა, საქართველოში გამართულ სხვადასხვა შეხვედრებზე მნიშვნელოვანი ადგილი რამდენიმე პრინციპს ეკავა, რომელთაგან პირველი საარჩევნო გარემოს თანაბარ პირობებს ეხება.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო კამპანიაში თანაბარი მონაწილეობის საშუალება პოლიტიკურმა გარემომ ყველა პარტიას მისცეს.
„უკანასკნელ თვეებში დაფიქსირებული ხარვეზებიდან აშკარაა, რომ საქართველოში კონკურენტუნარიანი საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს. შეხვედრებზე აღვნიშნეთ, რომ საარჩევნო პროცესში ქალთა მონაწილეობა გაზრდილია, რაც საზოგადოების პოლიტიკურ პროცესებში უფრო მეტ ჩართულობას უზრუნველყოფს“ - განაცხადა მელიამ.
მისი თქმით, მეორე პრინციპი კანონის უზენაესობას და სამართლიან მართლმსაჯულებას უკავშირდება.
მისივე თქმით, საარჩვენო კამპანიისას კანონების დაცვას, მათ თანაბარ და გამჭვირვალედ გამოყენებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
„შეხვედრებზე პოლიტიკურ პარტიებს ვთხოვეთ, რომ საარჩევნო პროცესში კანონი დაიცვან და თავისი პოლიტიკური მიზნების განხორციელებას საარჩევნო ყუთებთან შეეცადონ“- აღნიშნა ტომას მელიამ.
რაც შეეხება მესამე პრინციპს, იგი ფუნდამენტური თავისუფლების პატივისცემას გულისხომობს. მელიას განცხადებით, შეკრების თავისუფლებისა და მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვა ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოებისთვის დამახასიათებელია.
მისივე თქმით, კონსტრუქციული ჩართულობის პრინციპი პოლიტიკურ პარტიებს ძალადობისგან თავის შეკავებას ურჩევს.
„აშშ ელის, რომ უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი სტუქტურები პროფესიონალურად იმოქმედებენ, რათა არჩევნები და შემდგომი პერიოდი მშვიდობიანი იყოს“- განაცხადა ტომას მელიამ და დასძინა, რომ 1 ოქტომბრის შემდეგ ყველა პარტიამ კონსტრუქციულად უნდა იმუშაოს, რათა საქართველოს დემოკრატიულმა და ეკონომიკურმა განვითარებამ პროგრესი განიცადოს.
აშშ-ს უწყებათაშორისი დელეგაცია მელიას ხელმძღვანელობით საქართველოში უკვე მესამე დღეა იმყოფება და შეხვედრებს მართავს. ვიზიტის შედეგები დელეგაციამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე შეაჯამა.
