საზოგადოებრივი „მოძრაობა ამომრჩეველთა ლიგა“ უკანონოდ მიიჩნევს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გადაწყვეტილებას,
რომელმაც „ამომრჩეველთა ლიგა“ საარჩევნო მიზნების მქონე ორგანიზაციად აღიარა და პოლიტიკურ პარტიებთან გათანაბრებული პირის სტატუსი მიანიჭა.
აღნიშნული გადაწყვეტილება, ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა ქართულ და უცხოურ არასამთავრობო ორგანიზაციებს და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნო.
როგორც „ამომრჩეველთა ლიგის“ თავმჯდომარემ კოკა გუნცაძემ განმარტა, აუდიტის სამსახურმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც „ლიგა“ ცესკო-ში სადამკვირვებლო ორგანიზაციად დარეგისტრირდა.
მისივე თქმით, ლიგამ თბილისსა და ზუგდიდში ალტერნატიული „კარდაკარი“ ჩაატარა და მთელი რიგი უზუსტობები გამოავლინა, ასევე, პირდაპირ მიუთითა ხელისუფლებას საარჩევნო სიის იმ ნაწილზე, რომლის მეშვეობითაც არჩევნები ყალბდება.
გუნცაძე მიიჩნევს, რომ აუდიტის სამსახურის გადაწყვეტილება სწორედ აქედან გამომდინარეობს.
„აშკარაა, რომ სიაში გამოვლენილი ყველა უზუსტობის შესახებ ინფორმაციით აღჭურვილი, გამოცდილი 2 000-ზე მეტი დამკვირვებელი ხელს შეუშლის მათ საარჩევნო ხმების თავისუფლად გაყალბებაში“-განაცხადა გუნცაძემ.
მისივე თქმით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განმარტება, იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება სადამკვირვებლო ორგანიზაციას საარჩევნო მიზნები ჰქონდეს, სრულიად გაუგებარი და აბსურდულია.
„ამომრჩეველთა ლიგის“ ხელმძღვანელები მიიჩნევენ, რომ აუდიტის სამსახურის გადაწყვეტილება ლიგისთვის პოლიტიკურ პარტიებთან გათანაბრებული პირის სტატუსის მინიჭების შესახებ, მას სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან არათანაბარ პირობებში აყენებს.
