საქართველოში ისრაელის ელჩი იუვალ ფუქსი იმედოვნებს, რომ საქართველო ირანის მთავრობის მხრიდან სიძულვილის ენის შემცველ განცხადებებს, სერიოზულად არ აღიქვამს.
როგორც იუვალ ფუქსმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, ირანის მთავრობის მხრიდან გაკეთებული განცხადებები სიძულვილის ენით, ანტისემიტური გამოვლინებითა და ჰოლოკოსტის უარყოფითაა გაჯერებული.
„გვჯერა, რომ ისეთ ტოლერანტულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა და რომელშიც არამარტო ებრაელებს არამედ, სხვა ერებსაც არასოდეს ჩაგრავენ, აღნიშნულ განცხადებებს სერიოზულად არ აღიქვამენ, რადგან ირანის მთავრობის განცხადებებს ყურს არავინ უგდებს“ - განაცხადა ფუქსმა.
რაც შეეხება ირანის ურთიერთობას ებრაელ ხალხთან, ისრაელს ირანთან ურთიერთობა წარსულში ჰქონდა, დღესაც ბევრ ებრაელს უყვარს ირანული კულტურა და პატივს სცემს ირანელ ხალხს.
„სამწუხაროდ ვხედავთ, რომ ჰამასი, ირანული ჯიჰადი და ჰესბოლა, რომელიც არამარტო ისრაელისთვის, არამედ საფრთხეს მთელი მსოფლიოსთვის წარმოადგენენ, ხალხთა შორის ურთიერთობის დამყარებას სერიოზულად აფერხებს“ - აღნიშნა ფუქსმა.
მისივე თქმით, ირანში მოქმედი ჭურვების პროგრამა მთელი მსოფლიოსთვის სახიფათოა, რადგან აღნიშნულ ჭურვებს არამარტო თელავივამდე, არამედ სხვა ბევრ ადგილამდე მიღწევა შეუძლია.
ფუქსის განცხადებით, არსებობს ძალიან ბევრი ფაქტი იმის შესახებ, რომ ირანი ბირთვულ პროგრამას ნამდვილად ახორციელებს.
მისივე თქმით, პროგრამის წინააღმდეგ სანქციები არსებობს, მაგრამ აღნიშნულ სანქციებს „ჰოლანდიური ყველის მსგავსად, ძალიან ბევრი ხვრელი აქვს“.
ისრაელის ელჩი მიიჩნევს, რომ მსოფლიომ ბირთვული პროგრამის შესაჩერებლად ირანის წინააღმდეგ, მკაცრი ზომები უნდა გამოიყენოს.
