ისრაელი საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავებას აპირებს
ისრაელი საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავებას აპირებს
15:29 12.09.2012
ისრაელი საქართველოსთან სამომავლოდ პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავებას აპირებს - ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა იუვალ ფუქსმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ფუქსმა აღნიშნა, საქართველო და ისრაელი დღეს ბუნებრივი პარტნიორები არიან.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და ისრაელს შორის შესანიშნავი პოლიტიკური ურთიერთობებია, მისი შენარჩუნება და გაღრმავება ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენი მეორე სამომავლო გეგმა ხალხთა შორის ურთიერთობების ჩამოყალიბებაა, რომელშიც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ სფეროებში სხვადასხვა აქტივობები იგულსხმება. სასურველია, რომ ლიტერატურა და ფილმები ჩვენს ენებზე უფრო ხშირად ითარგმნოს“ -განაცხადა იუვალ ფუქსმა.

ურთიერთობები უნდა ჩამოყალიბდეს ბიზნესისა და ვაჭრობის სფეროებშიც.

ფუქსის განცხადებით, გასულ წელს საქართველო ისრაელს შორის ვაჭრობამ 85 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, როცა ექვსიოდე წლის წინ, მხოლოდ ისრაელიდან ექსპორტი 132 მლნ აშშ დოლარს აღწევდა.

„აღნიშნული მაჩვენებლები უახლოეს წლებში უნდა გაიზარდოს. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისია ჩვენს ქვეყნებს განვითარებისა და ეკონომიკურ სფეროებში წარმატების მიღწევის პოტენციალი აქვს“-განაცხადა იუვალ ფუქსმა.


ბეჭდვა