გიორგი თარგამაძე საერთაშორისო დიპლომატიური კორპუსის და ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა
გიორგი თარგამაძე საერთაშორისო დიპლომატიური კორპუსის და ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა
15:09 12.09.2012
„ქრისტიან – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი გიორგი თარგამაძე საერთაშორისო დიპლომატიური კორპუსის და ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრას ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვიც ესწრებოდა.

როგორც „ნიუსპრესს“ „ქრისტიან-დემოკრატებიდან“ აცნობეს, შეხვედრა ორი საათის განმავლობაში კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

„ქრისტიან-დემოკრატებმა“ დიპკორპუსსა და ბიზნესსაზოგადოებას საგადასახადო პოლიტიკის, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობისა და ბიზნესის სისხლის სამართლებრივი დევნისგან გათავისუფლების კუთხით პარტიის ხედვები გააცნეს.

თარგამაძემ ასევე, ყურადღება მცირე და საშუალო ბიზნესსა და აგრარულ სფეროზე გაამახვილა. მისი თქმით, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და უცხო ინვესტიციების მოზიდვის გარეშე საქართველოში ვერც ბიზნესი და ვერც ეკონომიკა ვერ განვითარდება.

„ქრისტიან–დემოკრატები“ მივიჩნევთ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ხელმძღვანელობის ცვლილება მეტ პოლიტიკურ სტაბილურობას და ეკონომიკურ მდგრადობას მოიტანს, რის შედეგადაც მთავრობა არ იქნება მთავარი მოთამაშე ეკონომიკურ სივრცეში, ბიზნესი და მეწარმე იქნება დაფასებული და დაცული როგორც კანონით, ასევე პოლიტიკური ძალების მხრიდან“ – განაცხადა თარგამაძემ.

ბეჭდვა