„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები წიწამურთან დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები წიწამურთან დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას
15:00 12.09.2012
ცნობილი ქართველი მწერლის და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან 105 წლისთავთან დაკავშირებით მისი მკვლელობის ადგილზე, წიწამურთან პარაკლისს გადაიხდიან,  რომელსაც „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებიც დაესწრებიან.

როგორც „ნიუსპრესს“ კოალიციის ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა ცოტნე ზურაბიანმა განუცხადა, ადგილზე უკვე იმყოფება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე.

პარაკლისს წმ ილია მართლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი გადაიხდის.

ღონისძებაში მონაწილეობას კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილიც მიიღებს, რომელიც ამ დროისთვის წიწამურთან იმყოფება.

როგორც ზურაბიანმა აღნიშნა, დღევანდელ დღესთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია წიწამურთან საპროტესტო მსვლელობას გეგმავდა, თუმცა, პატრიარქისადმი პატივისცემის ნიშნად გადაიფიქრა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ რამდენჯერმე პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა წიწამური, რომელიც ამ დრომდე გაუდაბურებული და მოუვლელია. იქ ერთი ბილიკიც არ გაკეთებულა“-აღნიშნა ზურაბიანმა.


ილია ჭავჭავაძე 1907 წელს, წიწამურთან მოკლეს, როდესაც ის თბილისიდან საგურამოში მიემგზავრებოდა. მკვლელობის უშუალო მონაწილები იყვნენ გიგლა ბერბიჭაშვილი, ივანე ინაშვილი, გიორგი ხიზანიშვილი, თედო ლაბაური, ილია მოძღვრიშვილი და პავლე ფშავლიშვილი, ხოლო ორგანიზატორი - მოურავი დიმიტრი ჯაში იყო.

საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ილია ჭავჭავაძე მოგვიანებით წმინდანად შერაცხა და წმინდა ილია მართალი უწოდა.

ბეჭდვა