არჩევნებში მონაწილე პარტიათა უმრავლესობამ „უფლებადამცველთა გაერთიანების“ წინადადებას - საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის გაუქმებასა და ძალადობით გაფორმებულ საპროცესო შეთანხმებების გადახედვასთან დაკავშირებით, მხარი დაუჭირა.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ არასამთავრობო ორგანიზაციიდან „უფლებადამცველთა გაერთიანება“ აცნობეს.
ორგანიზაციამ არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის გაუქმებასა და ძალადობით გაფორმებულ საპროცესო შეთანხმებებთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შედგენილი შეთანხმების ტექსტი წარუდგინა და პარტიებთან კონსულტაციები გამართა.
„უფლებადამცველთა გაერთიანების“ ცნობით, შეთანხმების პირველ პუნქტს, 2004 წლიდან დღემდე ძალადობით გაფორმებული საპროცესო შეთანხმებების გადახედვასთან მიმართებაში მხარი დაუჭირა არჩევნებში მონაწილე 8 სუბიექტმა: „კახა კუკავა - თავისუფალი საქართველო“, „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“, „სამართლიანი საქართველოსთვის“, „გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, „სახალხო პარტია“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „თავისუფლების გზა - ზვიად გამსახურდიას გზა“, „საქართველოს სპორტსმენთა კავშირი“.
რაც შეეხება საპროცესო შეთანხმებების ინსტიტუტის გაუქმების წინადადებას, მას მხარი არჩევნებში მონაწილე 7 სუბიექტმა დაუჭირა.
„მიღებული შედეგები მოწმობს იმას რომ არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, გადაიხედება ძალადობით გაფორმებულ საპროცესო შეთანხმებები და ცვლილებები განხორციელდება საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტთან დაკავშირებით. რაც საქართველოში სამართლიანობის აღდგენის ნიშანია“ - განაცხადა „უფელბადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ.
