„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ დღეს ახალი ანგარიში - „წინასაარჩევნო პროცესების ანალიზი“ გამოაქვეყნა.
ანგარიში, რომელიც „გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული პოლიტიკური ფინანსები საქართველოში“ პროექტის ფარგლებში მომზადდა, შეფასებულია 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის აგვისტომდე საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო.
ამ პერიოდის განმავლობაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველომ“ რამდენიმე ტენდენცია გამოავლინა, მათ შორისაა, სამართლებრივი რესურსების პოლიტიკური და საარჩევნო მიზნით გამოყენება.
ანგარიშის ავტორების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ცვლილებები პოზიტიურად უნდა შეფასდეს, მმართველი პარტიის მხრიდან, ასევე, ადგილი ჰქონდა ისეთი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებას, რაც ხშირ შემთხვევაში მხოლოდ მის ინტერესებს ემსახურებოდა.
ავტორთა თქმით, განსაკუთრებით აღსანიშნავია საარჩევო კოდექსისა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში რიგი რეგულაციის შემოღება.
კვლევის შედეგად დაფიქსირდა კანონის დარღვევისთვის დადგენილი სანქციების არაპროპორციულობა, კანონის აღსრულების პრობლემა და შერჩევითი წარმოება, რაც ანგარიშის თანახმად, იმაში გამოიხატებოდა, რომ შესაბამისი უწყებები შერჩევით რეაგირებდნენ მმართველი და ოპოზიციური პარტიის მიერ ჩადენილ ქმედებებზე.
მაგალითად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ზედაპირული რეაგირება მოახდინა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველების მიმართ მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ განუხორციელებელი შემოწირულობის გამო დაჯარიმდა.
ანგარიშში, ასევე, დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც კერძო კომპანიების გარკვეული ქონება შუსაბამოდ დააყადაღეს, საუბარია „გლობალ ტვ“-ისა და „მაესტროს“ სატელიტურ ანტენებზე.
ამსათანავე, ანგარიშზე მუშაობისას დაფიქსირდა პარტიების შესახებ ინფორმაციის არასათანადო გავრცელება, ასევე, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების 45 ფაქტი, ოპოზიციური პარტიების დაშინების 12 ფაქტი, ოპოზიციის მომხრების წინააღმდეგ ფიზიკური ანგარიშსწორების 5 ფაქტი, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრების 11 ფაქტი, ბიზნესზე ზეწოლის 5 ფაქტი.
ორგანიზაციის წარმომადგენლები პარტიის საქმიანობისთვის ხელის შეშლაზე საუბრისას ხაზს უსვამენ, რომ განაკუთრებით ხშირი იყო კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთათვის რეგიონებში ამომრჩევნელთან შეხვედრებზე პრობლემის შექმნის ფაქტები. ასევე, საუბარია სახელმწიფოს ინსტიტუციური რესურსების პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებით გამოყენებასა და ამორჩეველთა მოსყიდვის თაობაზე.
ანგარიშის მიხედვით, როგორც ოპოზიციური ისე მმართველი პარტიის მხრიდან ხშირი იყო ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნების შემცველი ქმედებები.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ წინასაარჩევნოდ კიდევ ორ კვლევას გამოაქვეყნებს.
