საქართველოსა და ესტონეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა ევროკავშირში უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების საიმპლემენტაციო ოქმს.
დოკუმენტი საქართველოს და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გრიგოლ ვაშაძემ და ურმას პაეტმა დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ გააფორმეს.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ესტონეთის ორმხრივ ურთიერთობებსა და თანამშრომლობას როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ სფეროებში. ასევე, განხილვის თემა იყო საქართველოში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები და საქართველოს მიერ არჩეული საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელიც ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციას ითვალისწინებს.
„განვიხილეთ რეგიონში შექმნილი სიტუაციაც და თანამშრომლობის პერსპექტივები საერთაშორისო ორგანიზაციებში. მადლობა გადავუხადე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რადგან ესტონეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც ჩვენს მიერ შემუშავებული ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი აღიარა“ - განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, 2013 წლის ვილნიუსის სამიტისთვის საქართველომ და ევროკავშირმა თავისუფალ ვაჭრობაზე, ასოცირების ხელშეკრულებასა და სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე მოლაპარაკებები უნდა დაასრულონ.
როგორც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას პაეტმა აღნიშნა, საქართველო სწრაფად ვითარდება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო არენაზე. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ურთიერთობები ევროკავშირთან და ნატოსთან უფრო გაღრმავდეს.
ურმას პაეტის თქმით, დეკემბერში ნატო-ს მინისტრები შეიკრიბებიან და ალიანსის სამომავლო გეგმებს განიხილავენ.
„საუბარია, საქართველოსა და ნატო-ს შორის უფრო მაღალი დონის თანამშრომლობაზე“ - განაცხადა მან.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მხარდაჭერაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისიის მუშაობა ზოგიერთ რეგიონში ინციდენტების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია.
