არასამთავრობო ორგანიზაციები მზადყოფნას გამოთქვამენ თვალი მიადევნონ უწყებათაშორისი კომისიისა და ტელეკომპანია „მაესტროს“ შეთანხმებას და საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, კამპანიამ „ეს შენ გეხება“, აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნულმა პლატფორმამ და მედიის ადვოკატირების კოალიციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, განსაკუთრებულ მნიშვნელობას პლურალისტური მედიის ხელმისაწვდომობას ანიჭებენ.
არასამთავრობოები მიესალმებიან ხელისუფლების მხრიდან გამოთქმულ მზადყოფნას გადახედოს გადაწყვეტილებას „მაესტროს“ კუთვნილი აპარატურის დაყადაღების შესახებ, რათა გარკვეული პირობების დაცვით, ტელეკომპანიას მომხმარებელთა წრის გაფართოების შესაძლებლობა მიეცეს.
„მივესალმებით, ხელისუფლების პოლიტიკურ ნებას და იმედს გამოვთქვამთ, რომ ის კონკრეტული და პრაქტიკული ნაბიჯებით იქნება გამყარებული, რათა ერთის მხრივ, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იყოს სხვადასხვა ქართული ტელეარხი, ხოლო მეორეს მხრივ, გამოირიცხოს ეჭვები ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობის თაობაზე“ - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და იმედს გამოთქვამენ, რომ უწყებათაშორის კომისიასა და „მაესტროს“ შორის, ყველა ტექნიკურ საკითხზე მაქსიმალურად დროულად მოხდება შეთანხმება.
არასამთავრობოები აღნიშნავენ, რომ მედიაპლურალიზმის უზრუნველსაყოფად სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს “must carry“ და “must offer“-ის პრინციპებს და არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება მათი მოქმედების გაგრძელებას არჩევნების დღეს და მომდევნო პერიოდში.
„მოვუწოდებთ ხელისუფლებას საკანონმდებლო ცვლილებების გზით შექმნას გარანტიები, რათა “must carry“ და “must offer“-ის პრინციპების მოქმედება გაგრძელდეს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამდე“ - განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და დასძინეს, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში პარლამენტთან თანამშრომლობისთვის მზად არიან.
