საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ მის ოპონენტებს საქართველოში მიმდინარე სასიკეთო ცვლილებები აღიზიანებთ.
ამის შესახებ პრეზიდენტმა ხარაგაულში გაზსადენის გახსნისას ისაუბრა და სოფელ ლაფანყურში განვითარებული მოვლენები გაიხსენა.
სააკაშვილის თქმით, ოპონენტები საზოგადოებას ყველაფერს უკუღმა სთავაზობენ და ფიქრობენ, რომ სინამდვილეში ისინი უნდა დაისაჯონ, ვინც ქვეყნის უსაფრთხოებას იცავს.
„თურმე ლეკიანობა უნდა გაგვემეორებინა საქართველოში; თურმე საქართველოს დიდი პატრიოტია ის ხალხი, ვინც მძევლებს იყვანს, ავტომატით ხელში წვერმოშვებული დარბის და ატერორებს ჩვენს სოფლებს; თურმე ვინც ასეთი ხალხი დაიჭირა და საქართველოს მოაშორა ისინი უნდა დაისაჯონ. ყველაფერს უკუღმა გვთავაზობენ“- განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ასევე, დეპუტატად იყრის კენჭს ის ადამიანი, რომელმაც საქართველოს სტრასბუტგის სასამართლოში უჩივლა, თითქოს, საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა.
„კენჭს იყრის ისიც, ვინც უარი თქვა გამოსულიყო საქართველოს დროშის ქვეშ პეკინის ოლიმპიადაზე იმ დღეს, როცა რუსეთი გვბომბავდა. ხომ არ ბნელა მართლა. რა თქმა უნდა, მირჩევნია ამაზე არ ვისაუბრო და მხოლოდ აღმშენებლობაზე ვილაპარაკო“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს ასაშენებელი, ხოლო ის ხალხი, „ვინც ფეხის ხმას ან სხვადასხვა რაღაცეებსაა აყოლილი, აბსოლუტურ უმცირესობაშია“.
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეს ბოლო 3 დღის განმავლობაშიც კარგად გამოჩნდა.
„მათ აღიაზიანებთ ჩვენი აღმშენებლობა, თუმცა, ჩვენი პასუხი იქნება მხოლოდ ერთი - არა სიძულვილი, არა ბოროტება, არა გაღიზიანება, არამედ აღმშენებლობა, კიდევ აღმშენებლობა და ბევრად მეტი აღმშენებლობა, ასევე, მეტი სარგებელი ხალხს“ - განაცხადა სააკაშვილმა.
