პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს დამპყრობელმა მიზანს ვერ მიაღწია, რაზეც ქვეყნის განვითარება და პროგრესი მიუთითებს.
როგორც სააკაშვილმა ხარაგაულში, გაზსადენის გახსნისას განაცხადა, საქართველოში ყველა კუთხეში აღმშენებლობა მიმდინარეობს.
„ბათუმი ძალიან მაგარი ქალაქი ხდება. ლაზიკას მშენებელობა კი არ იწყება, არამედ დაიწყო და უახლოეს დღეებში ნახავთ რაც ავაშენეთ. ფოთი და ქუთაისი ძალიან მაგარი ქალაქები ხდებიან, თბილისი ისეთი იქნება, როგორიც არასდროს ყოფილა. თელავში ორი კვირის განმავლობაში არ ვყოფილვარ და პირი დავაღე - ისეთი მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს. ხაშურიც მაგარი გახდება და არავის დასაცინი არაფერი არ სჭირს. უნდა გადავწყვიტოთ გვინდა თუ არა დაბრუნება წარსულში“- განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ წარსულს სახელები და გვარები აქვს და მას კონკრეტული ადამიანები განასახიერებენ.
მისი თქმით, მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ საქართველო წინ არ წასულიყო და დამპყრობლისთვის ადვილი ლუკმა გამხდარიყო, თუმცა, მიუხედავად ამისა, დამპყრობელმა ვერცერთი სტატეგიული მიზანი ვერ განახორციელა.
„სწორედ ამიტომ, ყველაზე მეტი მხარდაჭერა გვაქვს ამ ხალხში და არა იმ ცხვირაწეულ ხალხში, რომელთაც მთელი ცხოვრება ეზიზღებოდათ საკუთარი თავიც, ქვეყანაც და ჩვენი მთავრობაც. ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ მე მოვდივარ მთავრობაში იმისთვის, რომ ყველაფერი დავანგრიო, რომ პედაგოგები გვყავს დასაჭერიო, მას არ უყვარს საქართველო. მაშინ გამოვუშვათ ციხიდან ბანდიტი თამაზ თამაზაშვილი და მის მაგივრად ყველა პედაგოგი დავიჭიროთ. ხომ მაგარი ლოგიკაა?“- აღნიშნა პრეზიდენტმა.
