საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხარაგაულში სიტყვით გამოსვლისას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, საქართველოს ოკუპანტმა დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, თუ რა სურს მას სინამდვილეში.
„რუსეთის საგარეო სამეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომ მათ სურთ არჩევნების შემდეგ საქართველოში არეულობა. ევროპელების განცხადებაზე, რომლის თანახმად, ჩვენ საქართველოში დემოკრატიული არჩევნები გვინდა, რუსეთმა აღნიშნა, რომ საქართველოში არ ჩატარდება კარგი არჩევნები, მაგრამ შემდეგ კარგი არეულობა იქნება“ - განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველომ ამას ძალიან კარგი პასუხი გასცა 3 დღის წინ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე.
მისივე თქმით, ეს უმნიშვნელოვანესი დღე იყო, რომელიც მოწმობს იმას, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა განაცხადა, რომ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს კარლ ბილდტს არათანმიმდევრული პოლიტიკური შეხედულებები აქვს.
ლუკაშევიჩმა ეს შეფასება კარლ ბილდტის მიერ ქართული ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლებზე გაკეთებული განცხადების კომენტირებისას გამოთქვა.
კერძოდ, როგორც რუსული მხარე აცხადებს, შვედი მინისტრი საქართველოში არჩევნების შემდეგ ქართული ოპოზიციის შესაძლო ქუჩის გამოსვლებს კონტრპროდუქტიულს უწოდებს.
„ის ცნობილია „არაბული რევოლუციებისა“ და სხვა სახელმწიფოებში საპროტესტო აქციებისადმი თავისი აქტიური მხარდაჭერით. ამიტომ, მისი მცდელობა აპრიორი შეზღუდოს რეაქცია საქართველოში არჩევნებისას დემოკრატიული ნორმების შესაძლო დარღვევებზე, როგორც მინიმუმ, გამოიყურება, როგორც მინისტრის არათანმიმდევრული შეხედულება“ - განაცხადა ლუკაშევიჩმა.
