„საქართველოს გზის“ საერთაშორისო მდივანი საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოების მუშაობით უკმაყოფილოა
„საქართველოს გზის“ საერთაშორისო მდივანი საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოების მუშაობით უკმაყოფილოა
17:56 11.09.2012
პარტია „სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზის“ საერთაშორისო მდივანი თეიმურაზ მურვანიძე საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოების მუშაობით უკმაყოფილოა.

როგორც თეიმურაზ მურვანიძის განცხადებაშია ნათქვამი, საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს საელჩოები არაკომპეტენტური და შეუსაბამო კადრებითაა დაკომპლექებული.

განცხადების თანახმად, მმართველი პარტიისთვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ერთგვარ პანსიონატად გადაიქცა, სადაც ხელისუფლების კომპრომეტირებული სახეები აგრძელებენ „მოღვაწეობას“.

„ასეთივე არაპროფესიონალებითაა დაკომპლექტებული საქართველოს საელჩოები და იმის მაგივრად, რომ საქართველო ღირსეულად წარმოაჩინონ და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მოემსახურნონ, პირიქით, დაბრკოლებებს უქმნიან მათ“ - ნათქვამია განცხადებაში.

მურვანიძე აცხადებს, რომ მას მხედველობაში აქვს საქართველოს საკონსულო ნიუ -იორკში, სადაც საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების წინასაარჩევნო რეგისტრაცია რამდენიმე დღეში დასრულდება, საკონსულოს კი, მისი თქმით, საარჩევნო უბანი ჯერაც არ გაუხსნია.

„ის, რომ არალეგალურად საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები საარჩევნო უბნებზე დეპორტაციის შიშით ვერ მივლენ და ის, რომ ამ პროცესს ლეგალურად მყოფი ქართველობის დიდი ნაწილიც გამოეთიშება, რადგან არჩევნები ორშაბათ დღესაა დანიშნული - პრაქტიკულად, გადაულახავი ბარიერია“ - ნათქვამია მურვანიძის განცხადებაში.

მისივე თქმით, აღნიშნული ბარიერები უფრო ნათელს ხდის მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების სურვილს – გააყალბონ არჩევნები და საქართველოში ძალაუფლება კიდევ ერთხელ მოიპარონ.


ბეჭდვა