არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ სამთავრობო პროგრამის - „მეტი სარგებელი ხალხს” (www.metisargebeli.ge) ვებ-გვერდზე
30 აგვისტოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სარეკლამო ვიდეოკლიპის არსებობის ფაქტი დააფიქსირა.
ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ეს ქმედება არღვევს საქართველოს საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმადაც სახელმწიფო ხელისუფლების დაწესებულებებისთვის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ფინანსდებიან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, განკუთვნილი საკომუნიკაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურებისა და სხვადასხვა სახის ტექნიკის გამოყენება რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ ადმინისტრაციული რესურსების უკანონო გამოყენებად ითვლება და 88-ე მუხლით ექვემდებარება დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
ორგანიზაციის ცნობით, აქედან გამომდინარე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ აღნიშნული დარღვევის შესახებ 30 აგვისტოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა. იმავე დღეს ტელეკომპანია „მაესტროს” ეთერში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სიუჟეტი გავიდა, სადაც ნათლად ჩანდა სამთავრობო პროგრამის ვებ-გვერდზე განთავსებული პოლიტიკური რეკლამა.
„4 სექტემბერს ცესკოდან მივიღეთ პასუხი, სადაც აცხადებენ, რომ ჩვენს მიერ მიწოდებულ ინტერნეტ ბმულიდან შეუძლებელია რაიმე სახის ინფორმაციის მიღება და დამატებითი ინფორმაცია იყო საჭირო“- აღნიშნავენ „საერთაშორისო გამჭვირვალობაში“.
მათივე ცნობით, როგორც გაირკვა, ცესკოსთვის აღნიშნული წერილის გაგზავნის შემდეგ უცნობი მიზეზით ვებგვერდმა www.metisargebeli.ge ფუნქციონირება შეწყვიტა და შესაბამისად შეუძლებელი გახდა მასზე ინფორმაციის გადამოწმება.
„თუმცა, ჩვენ მიერ გადაღებული ე.წ. „სქრინშოთი“ და ტელეკომპანია „მაესტროს” სიუჟეტი ნათლად ადასტურებს 30 აგვისტოს მდგომარეობით სამთავრობო პროგრამის ვებ-გვერდზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო რეკლამის არსებობის ფაქტს“- აცხადებენ ორგანიზაციაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიმართავს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოახდინოს საარჩევნო კოდექსის 88-ე მუხლით გათვალისწინებული რეაგირება, დამატებითი ინფორმაციის გათვალისწინებით.
