„ქართული დასი“ 2 ოქტომბრიდან 23 დღიან აქციებს გეგმავს
„ქართული დასი“ 2 ოქტომბრიდან 23 დღიან აქციებს გეგმავს
15:32 11.09.2012
პოლიტიკური პარტია „ქართული დასი“ არჩევნების მეორე დღეს, 2 ოქტომბერს, თბილისსა და ქუთაისში თემატური ღონისძიებების ციკლს „დაიცავი შენი ხმა“ დაიწყებს.

როგორც „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ „ნიუსპრესს“ განუცხადა, ეს იქნება ხალხმრავალი ღონისძიებები, რომელიც 23 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ბაღათურიას თქმით, იმ შემთხვევაში თუ არჩევნები სამართლიანად ჩატარდა, მაშინ აღნიშნული ღონისძიებები საზეიმო ხასიათს მიიღებს, ხოლო თუ გაყალბდა, აქცია ამომრჩევლის ხმების დაცვაზე იქნება მიმართული.

„ჩვენ გვაქვს ობიექტური კვლევის შედეგები, რომლის მიხედვით, გამოკითხულთა 43% ხმას „ბიძინა ივანიშვილი-ქართულ ოცნებას“ უჭერს, მეორე ადგილზეა 24,2%-ით „ნაციონალური მოძრაობა“, ხოლო მესამეზე „ჯონდი ბაღათურია - ქართული დასი“ 8,3%-ით. ჯამში ოპოზიცია 52%-ს აღწევს“ - აღნიშნა ბაღათურიამ და ხაზი გაუსვა, რომ ეს არის მისი მოლოდინი არჩევნებისგან.

მისი თქმით, ექსპერტების გაანგარიშებით, ეს 52% რეალურად მინიმუმ 60% შეადგენს, იმის გამო, რომ გამოკითხვისას ზოგიერთი რესპონდენტი ხელისუფლებასთან დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, თავს იკავებს სწორი პასუხისაგან.

„ქართული დასი“ თბილისის და ქუთაისის მერიებს წერილობით ხვალ მიმართავს და დაგეგმილი აქციების შესახებ შეატყობინებს.

აქციები 15.00 საათზე თბილისში პარლამენტის შენობის და პრეზიდენტის რეზიდენციის წინ, ხოლო ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობის წინ გაიმართება.



ბეჭდვა