„თავისუფალი საქართველოს“ განცხადებით, ის პოლიტიკური პარტიების რეიტინგში მესამე ადგილზეა
„თავისუფალი საქართველოს“ განცხადებით, ის პოლიტიკური პარტიების რეიტინგში მესამე ადგილზეა
14:52 11.09.2012
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ინფორმაციით, გამოკითხვის შედეგების თანახმად, ის პოლიტიკური პარტიების რეიტინგში მესამე პოზიციას იკავებს.

ამის შესახებ პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ლადო ბულბულაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბულბულაშვილის თქმით, გამოკითხვა „თავისუფალი საქართველოს“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ საზოგადოებრივ-პოლიტიკური განწყობების გამოკვლევის მიზნით, თბილისში ჩაატარა.
მისი განმარტებით, გამოკითხვა თბილისის ყველა საარჩევნო ოლქში ჩატარდა. სულ გამოიკითხა 720 რესპონდენტი.

ბულბულაშვილის ინფორმაციით, პარტიებს შორის პირველ ადგილზე 36,2%-ით „ქართული ოცნებაა“, 25% აქვს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, 22,6% - „თავისუფალ საქართველოს“, „ქდმ“-ს მხარს გამოკითხულთა 7,9% უჭერს, „ლეიბორისტულ პარტიას“ - 4,3%, „ახალ მემარჯვენეებს“ კი 1,3% ემხრობა.

ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის განმარტებით, გამოკითხვაში ადგილი საზოგადოების ნატო-სადმი დამოკიდებულებასაც დაეთმო. მისი თქმით, საქართველოს ინტეგრაციას ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში მხარს გამოკითხულთა 53% უჭერს, 32,5% ამის წინააღმდეგია, ხოლო 14% აღნიშნულ საკითხზე პასუხი არ აქვს.

ამასთან, „თავისუფალი საქართველოს“ გამოკითხვის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 32,9% მიიჩნევს, რომ ოპოზიცია მაჟორიტარულ ოლქებში ერთიან კანდიდატზე უნდა შეთანხმდეს, 32% ამის წინააღმდეგია, 16,2% კი აცხადებს, რომ ყველა პარტიამ კანდიდატი „ქართული ოცნების" სასარგებლოდ უნდა მოხსნას, ხოლო 18,1 %-ს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.

რაც შეეხება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს თბილისის საარჩევნო ოლქებში, „თავისუფალი საქართველოს“ გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ოლქების უმრავლესობაში, „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ.

როგორც „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლებმა აღნიშნეს, კვლევას ყველა ეტაპზე მონიტორინგს „საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრი“ უწევდა, რომლის თავმჯდომარე კახა კახიშვილია.

ბეჭდვა