რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ალექსანდრე ლუკაშევიჩი მიიჩნევს, რომ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს კარლ ბილდტს არათანმიმდევრული პოლიტიკური შეხედულებები აქვს.
ლუკაშევიჩმა ეს შეფასება კარლ ბილდტის მიერ ქართული ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლებზე გაკეთებული განცხადების კომენტირებისას გააჟღერა.
კერძოდ, როგორც რუსული მხარე აცხადებს, შვედი მინისტრი საქართველოში არჩევნების შემდეგ ქართული ოპოზიციის შესაძლო ქუჩის გამოსვლებს კონტრპროდუქტიულს უწოდებს.
„ის ცნობილია „არაბული რევოლუციებისა“ და სხვა სახელმწიფოებში საპროტესტო აქციებისადმი თავისი აქტიური მხარდაჭერით. ამიტომ, მისი მცდელობა აპრიორი შეზღუდოს რეაქცია საქართველოში არჩევნებისას დემოკრატიული ნორმების შესაძლო დარღვევებზე, როგორც მინიმუმ, გამოიყურება, როგორც მინისტრის არათანმიმდევრული შეხედულება“ - განაცხადა ლუკაშევიჩმა.
მისი თქმით, უახლოეს დღეებში მოსკოვში იგეგმება კარლ ბილდტის ვიზიტი და რუსული მხარე შვედი მინისტრის პოზიციით დაინტერესდება.
კარლ ბილდტი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ შიკორსკისთან ერთად საქართველოს 5 სექტემბერს ეწვია.
საქართველოში ვიზიტამდე მან თავის ბლოგზე დაწერა, რომ ვიზიტის მთავარი გზავნილი საქართველოს ხელისუფლების მიმართ იქნება ის, რომ ყველაფერი უნდა გააკეთოს საპარლამენტო არჩევნების ევროპული სტანდარტების დაცვით ჩასატარებლად. ხოლო ოპოზიციას ბილდტმა ბლოგში ურჩია, რომ უნდა მიიღონ არჩევნების შედეგები იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს შედეგები მათ სასარგებლოდ არ იქნება.
ამასთანავე, მინისტრი ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ ლიდერზე ბიძინა ივანიშვილზე წერს, რომ მისი მხრიდან „უცნაური სიგნალები“ მოდის, რომელიც ზოგჯერ ისე ჟღერს, თითქოს არჩევნების შემდგომ ქუჩის აქციებით უფრო უნდა გადაწყდეს ის, თუ ვინ უნდა მართოს ქვეყანა, ვიდრე არჩევნების დღეს ხმის მიცემის შედეგად.
საქართველოში ვიზიტის დროს კი, ბილდტმა განაცხადა, რომ ბოლო წლებში ჩატარებული ყოველი მომდევნო არჩევნები უმჯობესდება, თუმცა, შემდგომი პროგრესის შესაძლებლობა კიდევ არსებობს.
მან იმედი გამოთქვა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ხარისხისა და სტანდარტების თვალსაზრისით მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული იქნება, ვიდრე 2008 წლის და 2010 წლის არჩევნები.
