„არჩევნებისა და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის“ დირექტორი კახა კახიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებას,
სურვილის შემთხვევაში, რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლების უზრუნველყოფა შეუძლია.
ამის შესახებ კახიშვილმა „ნიუსპრესს“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადების კომენტირებისას განუცხადა, რომლის მიხედვითაც რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის გამო, რუსეთის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის უფლების უზრუნველყოფა ტექნიკურ პრობლემებს უკავშირდება.
როგორც კახიშვილმა განმარტა, მინისტრის მოადგილემ აღნიშნული განცხადებით დაადასტურა, რომ ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს საკუთარი მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებას აქტიური და პასიური საარჩევნო უფლების განხორციელების შესახებ.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ნების შემთხვევაში, ხელისუფლებას აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტა მარტივად შეუძლია.
„ამასთან, კონსტიტუციაში არსად არის დათქმა იმის შესახებ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ან ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რაიმე შემთხვევაში ამომრჩევლის სელექცია შეუძლია. საუბარი იმაზე, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის არქონის გამო ამ ქვეყანაში საარჩევნო უბნებს ვერ გახსნიან, სინამდვილეს არ შეესაბამება, ვინაიდან რუსეთში ჩვენი საკონსულო მუშაობს, კონსული დანიშნულია და სურვილის შემთხვევაში, ამ პრობლემის მოგვარება მარტივად შეუძლიათ“-განაცხადა კახიშვილმა.
მისივე თქმით, ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობას მისთვის სასურველ შემთხვევაში შვეიცარიის მეშვეობით აგვარებს. შესაბამისად, მან საქართველოს მოქალაქეების ხმის მიცემის უფლებით სარგებლობისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს.
„ამდენი ადამიანის ხმის მიცემის უფლების გარეშე დატოვება ძალიან სერიოზული პრობლემა იქნება ამ არჩევნებისთის, ამიტომ სჯობს, კარგად დაფიქრდნენ და უბნების მინიმალური რაოდენობა მაინც გახსნან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ ამისთვის ნება არ გამოიჩნეს“-აღნიშნა კახიშვილმა.
ექსპერტი აცხადებს, რომ ხელისუფლებას საზღვარგარეთ საარჩევნო პროცესის ნორმალურად წარმართვის სურვილი დიდად არც აქვს, რასაც უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის არჩევნებში მონაწილოებისთვის დამატებითი დოკუმენტების წარდგენის ვალდებულებაც მოწმობს.
„არჩევნებისა და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის“ დირექტორი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამოქალაქო სექტორმა მეტი აქტივობა უნდა გამოიჩინოს. კერძოდ, კახიშვილი ფიქრობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამ თემასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება უნდა შეიმუშაონ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მიმინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის მოსკოვში საარჩევნო უბნის გახსნა და ტექნიკურად დაცულ და უსაფრთხო პირობებში საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფა ძალიან რთულია.
