საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ აპირებს, თავისი აშენებული ქვეყანა „დამანგრეველებსა და მღრღნელებს“ გადააბაროს - ამის შესახებ სააკაშვილმა
მარნეულში, იუსტიციის სახლის გახსნისას განაცხადა.
პრეზიდენტმა კმაყოფილება გამოთქვა პოლიტიკაში ახალი თაობის მოსვლის გამო, რომელთა შორის საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელებიც არიან. როგორც მან აღნიშნა, ისინი ბევრ წარმატებას მიაღწევენ, ვინაიდან საქართველო მასში მცხოვრებ ყველა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელს თანაბრად ეკუთვნის.
პრეზიდენტმა თავისი იუსტიციის მინისტრობის პერიოდიც გაიხსენა, როდესაც მისი თქმით, მარნეულში „გლეხებს აწამებდნენ“.
„ერთხელ ჩავჯექი ავტობუსში, დავიმაგრე კამერა და ვიღებდი, როგორ ართმევდნენ „გაიშნიკები“ მათ 2-3 ლარს. ბოლოს, ხალხს რომ აღარ დარჩა ფული, კარტოფილი და ცოცხები წაართვეს. ეს ყველაფერი გადავიღე და მივუტანე შევარდნაძეს. იცით რა მითხრა? რა იუსტიციის მინისტრის საქმეა აქეთ-იქით ხეტიალი და ავტობუსებში ჩუმად რაღაცეების გადაღებაო“-აღნიშნა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს, რათა ხელისუფლების სათავეში აღარასოდეს დაბრუნდეს ხალხის, რომელიც გლეხებს ფულს ართმევდა.
პრეზიდენტმა განათლების სამინისტროს პროგრამაზე - „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ ისაუბრა და განაცხადა, რომ ენების ცოდნა წინსვლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
პრეზიდენტის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ მთელმა მსოფლიომ საქართველოს მრავალეთნიკური სახელმწიფოს ერთიანობა დაანახა.
„მინდა ვუთხრა მათ, ვისაც აქვს გრძელი სია დასანგრევი ობიექტების, დასაჭერი ხალხის, მათ შორის, ჩვენი პედაგოგების; ვინც დაემუქრა ჩვენს პოლიციას, თავდაცვის სამინისტროს - ნურას უკაცრავად! იმისთვის კი არ აგვიშენებია ეს ქვეყანა, თქვენისთანა დამანგერეველებსა და მღრღნელებს გადავაბაროთ. საქართველო გაარძელებს წინსვლას. ჩვენი ხალხი ნგრევას და უკან დაბრუნებას არ დაუშვებს. ჩვენ აწი უნდა ვიაროთ მხოლოდ წინ. ყველამ ერთმანეთს ჩავკიდოთ ხელი და სამშვიდობოზე გადავიყვანოთ ჩვენი მრავალეთნიკური, საამაყო საქართველო“-განაცხადა მან.
