„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე იმედოვნებს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია სამოქალაქო რეესტრს კანონის დარღვევისთვის დააჯარიმებს.
როგორც ვეფხვაძემ დღეს უწყებათაშორისი კომისიის, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრიდან გამოსვლისას განაცხადა, მან კომისიას კონკრეტული ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, რომ სამოქალაქო რეესტრი თავის შენობებში ატრიალებს სარეკლამო რგოლს, რომელშიც „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ვაშაძეა წარმოდგენილი.
„რეკომენდაცია ძალიან კონკრეტულია. უწყებათაშორისმა კომისიამ სამოქალაქო რეესტრის დაჯარიმების რეკომენდაციით ცესკო-ს უკვე მიმართა და იმედია, რომ ცესკო სახელმწიფო დაწესებულებას კანონის დარღვევისთვის და იმ პოლიტიკური რეკლამისთვის, რომელსაც საჯარო დაწესებულება ჩვენი კონკურენტის სასარგებლოდ ახორციელებდა, დააჯარიმებს“ - განაცხადა ვეფხვაძემ.
როგორც უწყებათშორისი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე თამარ კინწურაშვილმა სხდომის დაწყებამდე განაცხადა, კომისიაში შევიდა შეტყობინება, რომ სახელმწიფო დაწესებულებაში განთავსებულ უწყებრივ რეკლამაში ერთ-ერთი საარჩევნო სუბიექტი ფიგურირებდა.
კომისია ასეთ ქმედებას ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენებად მიიჩნევს და განმარტავს, რომ მსგავსი კანონდარღვევა 2000 ლარის ოდენობით ფინანსურ ჯარიმას ითვალისწინებს.
