„მაესტროში“ აცხადებენ, რომ ანტენებთან დაკავშირებით უწყებათაშორის კომისიასთან დეტალებია შესათანხმებელი
„მაესტროში“ აცხადებენ, რომ ანტენებთან დაკავშირებით უწყებათაშორის კომისიასთან დეტალებია შესათანხმებელი
16:29 10.09.2012
ტელეკომპანია „მაესტროს“ გენერალური დირექტორი ბაჩო კიკაბიძე აცხადებს, რომ ტელეკომპანიის სატელიტურ ანტენებზე ყადაღის  მოხსნასთან დაკავშირებით, უწყებათაშორის კომისიასთან ძალიან ბევრი დეტალია შესათანხმებელი.

როგორც კიკაბიძემ „ნიუსპრესთან“ საუბრისას აღნიშნა, თავად ის ფაქტი, რომ მოსახლეობას ანტენები დაურიგდება და ტელეკომპანიის ყურების საშუალება მეტ მაყურებელს ექნება, მისასალმებელია.

მისი თქმით, „საქართველოს ფოსტა“ სახელმწიფო ორგანიზაციაა, ამიტომ, მას არ სურს სახელმწიფო ორგანიზაციის სახელით დამონტაჟებული ანტენები „ნაციონალური მოძრაობის“ საჩუქრად გადაიქცეს.

„სწორედ ამას ვებრძვით და ეგ არ გვინდოდა, რომ აღნიშნული ანტენები ამა თუ იმ პარტიის სახელით დარიგებულიყო. მინდა ისინი „მაესტროს“ სახელით დამონტაჟდეს. გარდა ამისა, კომერციული ინტერესებიც გვქონდა. ეს ყველაფერი კი, უწყებათაშორის კომისიასთან შესათანხმებელია“ - განაცხადა კიკაბიძემ.

მისივე თქმით, ის ტელეკომპანიის დამფუძნებლებს საქმის კურსში დღეს ჩააყენებს და შემდეგი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილებას ერთად მიიღებენ.

„საქართველოს ფოსტას“ მომსახურებისთვის თავისი ხარჯები ექნება, ასევე, მონიტორინგის პირობები და ბევრი სხვა საკითხი დეტალურად უნდა განვიხილოთ“ - აღნიშნა კიკაბიძემ.

ხელისუფლება თანახმაა ტელეკომპანია „მაესტროს“ სატელიტურ ანტენებზე ყადაღა მოხსნას, თუ მოსახლეობისთვის მათი დარიგება „საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით განხორციელდება. ამის შესახებ კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წარმომადგენლებმა, უწყებათაშორისი კომისიის ხელმძღვანელთან გიგა ბოკერიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს.


ბეჭდვა