უწყებათაშორისი კომისია ადგილობრივ თვითმმართველობებს სააგიტაციო მასალისთვის გამოყოფილი ადგილების გაფართოებას სთხოვს
უწყებათაშორისი კომისია ადგილობრივ თვითმმართველობებს სააგიტაციო მასალისთვის გამოყოფილი ადგილების გაფართოებას სთხოვს
16:14 10.09.2012
უწყებთაშორისი კომისია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს მოუწოდებს, სააგიტაციო მასალის განსათავსებლად გამოყოფილი არეალი გააფართოვონ - ამის შესახებ ჟურნალისტებს უწყებათაშორისი კომისიის ხელმძღვანელის მოადგილემ თამარ კინწურაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკურმა პარტიებმა კომისიას ინფორმაცია მიაწოდეს, რომლის თანახმად, ცალკეულ რეგიონებში მათ ბეჭდური სააგიტაციო მასალის საჯარო ადგილებში განთავსებაზე პრობლემა ექმნებათ.

როგორც კინწურაშვილმა აღნიშნა, საარჩევნო კოდექსი ადგილობრივ თვითმმართველობებს ავალდებულებს გამოყონ ადგილები ან დადგან სტენდები საარჩევნო პლაკატების განსათავსებლად და უზრუნველყონ ყველა საარჩევნო სუბიექტზე ამ ადგილების თანაბარი და არა დისკრიმინაციული განაწილება.

კინწურაშვილის განცხადებით, კომისიამ აღნიშნული საკითხი შეისწავლა და აღმოჩნდა, რომ გარკვეულ რეგიონებში საარჩევნო პლაკატების გასაკრავად გამოყოფილი სივრცე შეზღუდულია.

აქედან გამომდინარე, კომისია მოუწოდებს ადგილობრივ თვითმმართველობებს - გააფართოვონ მსგავსი არეალი და საარჩევნო სუბიექტებს ამ ადგილების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ.

ბეჭდვა