„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან ვეფხვაძე ავლაბრის მოსახლეობას შეხვდა.
როგორც „ნიუსპრესს“ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან“ აცნობეს, ვეფხვაძემ მოსახლეობას პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა წარუდგინა და პრიორიტეტები გააცნო.
მისი განცხადებით, მოსახლეობის ძირითად პრობლემას სასმელი წყლით მომარაგება, შიდა გზების გაუმართაობა, უმუშევრობა და კომუნალურ გადასახადებზე დაწესებული მაღალი ტარიფები წარმოადგენს.
„გუშინდელმა დებატებმა საზოგადოებრივ მაუწყებელზე კიდევ ერთხელ დაგვანახა ყველას, რომ ხელისუფლებას არანაირი გეგმა არ აქვს შემუშავებული აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად. ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენს მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით „თელასისა“ და „ენერგო-პროს“ გამოსყიდვა მოხდება, რითაც ქვეყანაში სამართლიანი ტარიფები დაწესდება და მოსახლეობის სოციალური პირობები გაუმჯობესდება“ - განაცხადა ვეფხვაძემ.
