ხელისუფლება თანახმაა ტელეკომპანია „მაესტროს“ სატელიტურ ანტენებზე ყადაღა მოხსნას, თუ მოსახლეობისთვის მათი დარიგება
„საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით განხორციელდება.
ამის შესახებ კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წარმომადგენლებმა, უწყებათაშორისი კომისიის ხელმძღვანელთან გიგა ბოკერიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს.
როგორც გაზეთ „რეზონანსის“ რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა აღნიშნა, ხელისუფლების პირობაა, ანტენები „საქართველოს ფოსტამ“ დაარიგოს.
ტუღუში მიიჩნევს, რომ ეს პირველი ნაბიჯია, რაზეც ხელისუფლება დათანხმდა და ის საკმაოდ მნიშვნელოვანია.
კოალიციის წარმომადგენელმა შორენა შავერდაშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების მხრიდან აღნიშნულ შეთავაზებაზე დათანხმება იმან განაპირობა, რომ მისი პოზიცია ანტენების დაყადაღების მიზეზთან დაკავშირებით, სამართლებრივად სუსტი იყო.
შავერდაშვილი მიიჩნევს, რომ თუ „საქართველოს ფოსტა“ ტელეკომპანია „მაესტროს“ გაწეული მომსახურებისთვის გონივრულ ფასებს შესთავაზებს, ანტენების დარიგება და ინსტალაცია დაიწყება.
კოალიციის წარმომადგენლები დღესვე აპირებენ „მაესტროს“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრას უწყებათაშორისი კომისიის წინადადების გასაცნობად. მათი თქმით, პროცესი მაქსიმალურად მოკლე ვადებშია განსახორციელებელი. სულ, საუბარია 30 ათასი ანტენის დარიგება-დამონტაჟებაზე.
კოალიციამ უწყებათაშორის კომისიას მანამდე ანტენების დარიგების პროცესზე ხელისუფლების მიერ ნდობით აღჭურვილი უწყების ან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლობის მიერ მონიტორინგის განხორციელება შესთავაზა.
