ბიძინა ივანიშვილმა აშშ-ს უწყებათაშორის დელეგაციას ქვეყანაში არსებული ვითარება გააცნო
ბიძინა ივანიშვილმა აშშ-ს უწყებათაშორის დელეგაციას ქვეყანაში არსებული ვითარება გააცნო
14:04 10.09.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა, კოალიციის წარმომადგენლებისა და აშშ-ს უწყებათაშორისი დელეგაციის შეხვედრას ძალიან  მნიშვნელოვანი უწოდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ს დელეგაციის ვიზიტი და ის ოქტომბერში საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისადმი აშშ-ს დიდ ყურადღებაზე მიუთითებს.

„თვით ფაქტი, რომ ეს შეხვედრა შედგა და ასეთი დელეგაცია ჩამოვიდა საქართველოში, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს გამოხატავს და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ დიდ ყურადღებას აქცევს აშშ საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას“ - განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, დელეგაციის წევრები კარგად იყვნენ გაცნობიერებული საქართველოში დღეს არსებული ვითარების თაობაზე, „ქართულმა ოცნებამ“ კი, მათ დამატებით ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ „ქართული ოცნება“ თავის მხრივ ყველაფერს გააკეთებს რათა, საქართველოში სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს.

აშშ-ს დელეგაციის შემადგენლობაში არიან სახელმწიფო მდივნის მოადგილე დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და შრომის საკითხებში ტომას მელია, სახელმწიფო დეპარტამენტის კავკასიის რეგიონალურ საქმეთა დირექტორი ჯასტინ ფრიდმენი, აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კატრინ იუკომბი და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კოორდინატორი ბეიჯ ალექსანდერი.

„ქართული ოცნების“ ლიდერებთან შეხვედრას აშშ-ს ახალი ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდიც ესწრებოდა.

ბეჭდვა