საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის რუსთავში ზვიად ძიძიგურის
განცხადებით, რუსთავში მაჟორიტარ კანდიდატებს თანაბარი საარჩევნო პირობები არ აქვთ.
როგორც ძიძიგურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მმართველი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი მამუკა ჩიქოვანი, ქვემო ქართლის გუბერნატორთან ერთად წინასაარჩევნო შეხვედრებს თავისუფლად მართავს რუსთავის საჯარო სკოლებში, რისი საშუალებაც მას არ ეძლევა.
ძიძიგურმა ამის დამადასტურებელი ვიდეომასალაც წარმოადგინა, სადაც ჩიქოვანი და სკოლის პედაგოგები მე-9 არიხს ჟურნლისტებთან საუბრისას აცხდებენ, რომ შეხვედრა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შედგა. ამავე ვიდეომასალაში ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორი განმარტავს, რომ სხვა პოლიტიკური ძალის მაჟორიტარ კანდიდატებს სკოლა იმ შემთხვევაში უმასპინძლებს თუ ამის უფლებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან მიიღებს.
ძიძიგურის განცხადებით, მან შეხვედრის თხოვნით წერილობით რუსთავის არაერთ სასწავლო დაწესებულებას და შრომით კოლექტივს მიმართა, თუმცა, მათგან პასუხი არ მიუღია.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სთხოვს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და ეუთოს სადამკვირვებლო მისიას, ზემოთ აღნიშნული ფაქტები დააფიქსიროს, ხოლო უწყებათაშორის კომისიას და ცესკოს მათზე რეაგირებისა და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს.
